„თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს” – პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინის დეფიციტზე
„თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა და 4-კომპონენტიანი ვაქცინა გაუთავდათ კომერციულ სექტორში, ჩვენ კარგად გავთვალეთ, სახელმწიფოს უნდოდა 2.5- ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“ , – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძემ გრიპის ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით ისაუბრა.
“დღესაც გრძელდება 4-კომპონენტიანი ვაქცინით სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. დღეისთვის 93 ათასი ადამიანია აცრილი უფასოდ სახელმწიფოს ვაქცინით. კიდევ მარაგში 7000 ვაქცინაა იმათთვის, ვისაც ახლა გაახსენდება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდონებს და სამწუხაროდ, გაუთავდათ კომერციულ სექტორში ვაქცინა. ეს 7000 ვაქცინა არის მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ორსულს ვერ დაიჭერ და ძალით ვერ აცრი.
ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა აფთიაქები და ფარმაცია იყო სახელმწიფოსი და სახელმწიფოს შემოჰქონდა ყველაფერი. ბიზნესია, მოთხოვნა იქნება, ვაქცინა იქნება. თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა. ჩვენ გავთვალეთ კარგად, სახელმწიფოს უნდოდა 2.5- ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როცა ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი, რომელიც გვიან მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ხდება.
“საბედნიეროდ, წელს ეს არის ჯერჯერობით 2 შემთხვევა და იმედი გვაქვს, რომ მეტი არ იქნება იმიტომ, რომ წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელზეც იმუნინეტი მეტს გვაქვს, ვიდრე A ტიპის ვირუსზე, მით უმეტეს A ტიპის H1 ვირუსზე, რომელიც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე, ნაკლებ ადამიანს აქვს გადატანილი და მარტივად ვართ ამთვისებლები“, – განაცხადა იმნაძემ.
თამუნა შეყილაძე