ეროვნული გალერეა ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს

2020 წლის 20 თებერვლამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ვალერიან სიდამონ-ერისთავის  გამოფენა ეროვნულ გალერეაში, სიღნაღის მუზეუმის შემდეგ, დამთვალიერებელთა განსაკუთრებულმა ინტერესმა განაპირობა.
ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მნიშვნელოვანია მისი როლი კინომხატვრობასა და თეატრის მხატვრობის სკოლის ჩამოყალიბებაში.
მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის, ასევე, ხატწერის ნიმუშებს; შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები; აფორმებდა მუზეუმის ექსპოზიციებსა და აღლუმებს; შექმნილი აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა სახელმძღვანელოსთვის, მუშაობდა საგაზეთო კარიკატურასა და ავეჯის ესკიზებზე.
საბჭოთა საქართველოში, მისი შემოქმედების თემატიკას განსაზღვრავდა რეჟიმის იდეოლოგიური მოთხოვნები, თუმცა იგი სარკაზმნარევი ირონიით ახერხებდა აესახა თანამედროვეობა. მხატვარი ქმნიდა ქალაქის ურბანულ ხედებს, სოფლის პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნიუს და სურათებს ისტორიულ სიუჟეტებზე.
ვ. სიდამონ-ერისთავს, ბევრი სხვა მხატვრის მსგავსად, საბჭოთა კავშირში XIX საუკუნის მიწურულის რუსული სკოლის ქართველ მიმბაძველად მიიჩნევდნენ. მისი შემოქმედების ექსპონირებისას ყველაზე აკადემიურ, ტიპიურ ნამუშევრებს ირჩევდნენ, რამაც ხელი შეუწყო მისი მემკვიდრეობის ზედაპირულ გაგებასა და მივიწყებას.
მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია ვ. სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, შარჟები და კარიკატურები. გამოფენაზე ასევე იხილავთ საარქივო კადრებს მხატვრის მიერ გაფორმებული ფილმებიდან – „ჩემი ბებია” (1929. რეჟ. კოტე მიქაბერიძე), „სინათლე” (1922. რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი), „გოგი რატიანი” (1927. რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი). ფილმში „გოგი რატიანი” სცენოგრაფიასთან ერთად, თვითონ პერსონაჟებია საინტერესო – ფილმში მონაწილეობენ ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ვხედავთ თავად სიდამონ-ერისთავს, იგი საკუთარ თავს – ფერწერის მასწავლებელს განასახიერებს. გამოფენაზე კინოკადრებთან ერთად, თეატრის მხატვრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც არის წარმოდგენილი.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები