ცოტნე გამსახურდიას ექიმი: ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება.
მისი თქმით, მკურნალობა ამ ეტაპზე უცვლელია, ამასთან დაგეგმილია ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.
„პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება. შესაბამისად, მკურნალობის მოცულობა ამ ეტაპზე უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს ტომოგრაფიული გამოკვლევა, ხვალ გაკეთდება თუ შაბათს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ არის გადაუდებელი გამოკვლევა, ეს არის წინასწარ შეთანხმებით გამოკვლევა, შესაბამისად ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა კვაჭაძემ.
რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანას, ექიმის თქმით თუ ოჯახი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლინიკა მათ მაქსიმალურად დაეხმარება.
“დავაფიქსირებ კლინიკის პოზიციას, თუ მსგავსი წინადადება იქნება, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ოჯახს, რომ ამ საქმის ორგანიზებამ სათანადო დონეზე ჩაიაროს. საჭიროება არსებობს თუ არა, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, ამას საზღვრავს ოჯახი მხოლოდ. პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მართვით სუნთქვაზეა. მოცულობა მკურნალობისა, ამ ეტაპზე არ შეცვლილა. არ იგეგმება არანაირი ჩარევა, გარდა დაგეგმილი საკონტროლო გამოკვლევებისა“, – აღნიშნა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.