დავით მესხიშვილი: საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა არ გვაქვს და ამ მიზეზით სისხლიანია ჩვენი გზები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს იხსენებს და საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ პრობლემებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მესხიშვილი ტრაგიკული შემთხვევების არასრულ სიას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანას საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია.
“ტრანსპორტისა და გზების უსაფრთხოების ასოციაციის” თავმჯდომარე თავის სტატუსში მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემის ეფექტიანობასაც ეჭვქვეშ აყენებს.
​ამასთან, მესხიშვილი წერს, რომ საპატრულო პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს უძლურია, რადგან ის გზებზე წესრიგს განსაზღვრავს, მაგრამ არა საგზაო პოლიტიკის უსაფრთხოებას.

“კვირა” დავით მესხიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“აი რა მოხდა ბოლო 2 თვეში: თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მამაკაცი ავტომობილიდან ვერ გადმოვიდა და ალმოდებულ მანქანაში დაიწვა.თბილისში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას, მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ვეჯინში კაცი ავტომობილიდან გადმოვარდა, მანქანა ზედ დაეცა და გარდაიცვალა. რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას 4 წლის ბავშვი და ქალი ემსხვერპლა ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი. კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 14 ადამიანი. მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, თერთმეტი კი დაშავდა. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა- ცოლ-ქმარი, მათი 10 წლის შვილი და ნათესავი. გარდაცვლილების კიდევ ერთი, სამი წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სოფელ ქობულეთში ავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

და ტრაგედია, რომელიც ახლა მოხდა: აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ავტომობილი ხრამში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად, ხუთი 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

და ეს, არასრული ჩამონათვალია!

წლებია გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები: რომელი უწყება და კონკრეტულად ვინ არის საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? ვინ არის პასუხისმგებელი, რომ 1 წლის განმავლობაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს ეწირება 500-ზე მეტი და სახიჩრდება ათასობით ადამიანი? რატომ არ ხდება საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკის გაზიარება? რატომ არ სრულდება მსოფლიო ბანკის ექსპერტთა რეკომენდაცია? ვიცით თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზები? არის თუ არა სტატისტიკა სრულყოფილი, დამუშავებული? იგეგმება თუ არა პრევენციული ღონისძიებები? დროულად და ეფექტიანად ინერგება თუ არა ევროდირექტივები? ეფექტიანია თუ არა მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემა? ასეთ დროს, ყველას გვახსენდება საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციამ წესრიგი უნდა დაიცვას, თუმცა ის არ განსაზღვრავს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკას არც აქ და არც სხვაგან. აბა სად არის, ან ვინ არის პასუხისმგებელი სტრუქტურა??? თუ ევროკავშირის ქვეყნებშია აქ რატომ არ არის?

პასუხი ყველა კითხვაზე ერთია: საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა (სტრატეგია) საქართველოს არ აქვს!!!

და ამ მიზეზით სისხლიანია ჩვენი გზები! ჩვეულებრივ ომია გზებზე! ნორმად იქცა 500-ზე მეტი გარდაცვლილი და ათასობით დასახიჩრებულ-დახეიბრებული ადამიანი! ყველა ჩუმადაა. “ეეეჰ, ეს რა უბედურება ხდება?!”, “რა ბავშვები მიდიან ამ ქვეყნიდან?!”, “დასანანია” – სულ ეს არის საზოგადოების რეაქცია”, – წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები