ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას მოითხოვენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე. ამ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ხელოვანების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო საინტერესო და მიმზიდველი მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურითაა.
„სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობაა ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე.
ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორებიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მიმართვაში ხაზგასმულია ისიც, რომ „ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით, საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურამ“.
მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დავით უფლისაშვილი, მარინა კახიანი, ნინო არსენიშვილი, ნინო ნახუცრიშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ნანული სარაჯიშვილი, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ამირან არაბული, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ღვთისიაშვილი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები