ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ისაუბრა

ის, რაც გერმანულ მხარეს ადარდებს, არის საქართველოს მოქალაქის, ჩეჩენი ნაციონალობის მქონე ხანგოშვილის მკვლელობა. იქ არის პირდაპირი წინააღმდეგობა ბერლინისა და მოსკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს შორის, – ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პრესკონფერენციაზე გერმანელმა ჟურნალისტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარე ურთიერთქმედება არასაკმარისია და მისი განვითარებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამისთვის მზადაა.

ის სისხლიანი მკვლელი იყო. კავკასიაში მხოლოდ ერთ-ერთი აქციის დროს მან 98 ადამიანი მოკლა. ის მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზაციაში მონაწილეობდა. თანამშრომლობა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს გზა ორმხრივი მოძრაობით.

ეს საკითხები არაერთხელ იქნა განხილული სპეცსამსახურების დონეზე. ოფიციალური მოთხოვნა ჩვენი პროკურატურის მხრიდან მართლაც არ ყოფილა, ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ეს უაზრობად ჩათვალეს, ვინაიდან უარყოფით პასუხს იღებდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი გეზა ანრეას ფონ გაირი დაიბარეს.

რუსეთის გადაწყვეტილება ორი გერმანელი დიპლომატის გაძევების შესახებ გაუმართლებელია, – ასე ეხმაურებიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “დოიჩე ველე” წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

 

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები