ოკუპირებული გალიდან ხანძარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ტყეში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას ესაზღვრება მესამე დღეა ხანძარია. ცეცხლი დღეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. დე ფაქტო ხელისუფლებას ცეცხლის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია.
აღნიშნულ ინფორმაციას “რეგიონულ კვირას” წალენჯიხის მერიაში და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში უდასტურებენ.
“სამწუხაროდ, ცეცხლი ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ტყის ნაწილს გადმოედო, რისი საშიშროებაც იყო. ძლიერი ქარია და გავრცელების საფრთხეც არის. სამწუხაროდ, რთული რელიეფისა და მიუვალობის გამო, ჯერჯერობით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ვერ ვატარებთ”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” წალენჯიხის მერის მოადგილემ ცოტნე შონიამ.
“რეგიონული კვირა” ინფორმაციის გადასამოწმებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ხანძრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებას არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის, ოჩამჩირის, გალის და გუდაუთის ტყეებში, მესამე დღეა, ხანძარია და ადგილობრივი მეხანძრეები წვიმას ელოდებიან.