თეა წულუკიანი: ჩვენ ვირჩევთ დიპლომატიის გზას, დღეს არსებული ფორმატის, მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებების შენარჩუნება ჩვენი პრიორიტეტია
ჩვენ ვირჩევთ დიპლომატიის გზას, დღეს არსებული ფორმატის, მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებების შენარჩუნება ჩვენი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ფორმატი, რადგან ოკუპაციის პირობებში ბევრი პრობლემა იქნება.
“პრეზიდენტმა თქვა ის, რაც არის მთავარი. ყოველ შემთხვევაში, რაც მე მოვისმინე და იმედი მაქვს, რომ ყველამ ერთი და იგივე მოვისმინეთ, რომ არსებობს სულ რამდენიმე გზა ასეთი ტიპის სიტუაციებში მოქმედებისა, ეს არის ომი ან დიპლომატია. ჩვენ ვირჩევთ დიპლომატიის გზას, იქნება ეს ჩვენი საკუთარი ძალებით თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ის ფორმატი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, მაგალითად, ჟენევის ფორმატი, მისი შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია ყველა ფორმატი, რადგან ოკუპაციის პირობებში ბევრი პრობლემა იქნება. ამ წუთას ყველაზე დიდი პრობლემა არის გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე”, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები არაფრის მომცემია, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: “დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები“.