რატომ უნდა იყიდოთ ქართული კვერცხი და ქათამი

“ქათმისა და კვერცხის იმპორტიორები საქართველოში  უხარისხო პროდუქტს ასაღებენ და ადგილობრივი ბიზნესი არაკეთილსინდისიერი გზით გაკოტრებამდე მიჰყავს,” – ამის შესახებ Report.ge-ს ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის მკვიდრმა, ქათმისა და კვერცხის ფერმის მეპატრონემ, ზოია ძიძიგურმა, ექსკლუზიურად განუცხადა. მეწარმე თავად არის თვითმხილველი, როგორ ამზადებდნენ დაბალხარისხიან ქათამს საქართველოში საექსპორტოდ.

“5 წელი ვიმუშავე თურქეთში ქათმის ფერმაში, სადაც სამი სტანდარტის ქათამი და კვერცხი იწარმოება. მესამე სტანდარტის პროდუქტი ყველაზე დაბალი ხარისხისაა და პროდუქტი თურქეთში არ იყიდება, მხოლოდ საექსპორტოდ აწარმოებენ. წარმოების ექსპორტის მენეჯერს ვკითხე, ეს პროდუქტი საქართველოშიც გაგაქვთ-მეთქი? კიო მიპასუხა. საქართველოში დაბრუნებულმა აღმოვაჩიბნე, რომ ამ პროდუქტს მაღალი რეალიზაციის მაჩვენებელი აქვს. დაბალი ხარისხისაა, თუმცა მომხმარებელმა ამის შესახებ არაფერი იცის და ფასის სიმცირიდან გამომდინარე ყიდულობს იმპორტირებულ, დაბალხარისხიან ქათამს. რა გამოდის? – ჩემი სიმინდზე გაზრდილი ქათამი ნაკლებად იყიდება, იყიდება თურქული უხარისხო ანალოგი. ერთი რომ ვწირავთ ჯანმრთელობას, მეორეც ვამდიდრებთ უცხო ქვეყანას. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს სტანდარტი, რომელიც იმოქმედებს, როგორც იმპორტისთვის, ისე ადგილობრივი წარმოებისთვის. ეს იქნება სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის,” – განუცხადა  Report.ge-ს ფერმერმა.

მეფრინველეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კვერცხი საქართველოში ერთადერთი თვითკმარი პროდუქტია, რომელიც სუსტი კანონმდებლობის პირობებში ცოტა ხნის წინ ბელორუსულმა კვერცის იმპორტმა მნიშვნელოვნად აზარალა. ბიზნესგაერთიანებაში აგვიხსნეს, რომ ბელორუსიამ აწარმოა საკუთარ მოთხოვნაზე ბევრად მეტი კვერცხი და ქვეყანას მოუწია მისი გასაღება ნებისმიერ ფასად. თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში შემოვიდა ის საქართველოში და, დაბალი ფასის გამო, რა თქმა უნდა, მისი რეალიზაცია არ გაჭირდა, ადგილობრივ კვერცხის გაყიდვის მაჩვენებლი კი შემცირდა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა გვქონოდა, ეს არ მოხდებოდა.

მეფრინველეთა ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს ასევე ამ ინდისუტრიის დღგ-საგან გათავისუფლების აუცილებლობაზეც. ბიზნესგაერთიანებაში ამბობენ, რომ ქათმისა და კვერცხის სექტორი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ერთადერთია, რომელიც დღგ-თი იბერგრება, რაც მათი აზრით, უსამართლობაა.

ცნობისთვის, ფრინველისა და კვერცხის ინდისტრია საკუთარ პრობლემეზე ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას დიდი ხანია ცდილობს და ამაზე Report.ge-ც არაერთხელ წერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები