საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე დღეს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა
საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე დღეს იყო შესავალი სიტყვა, რომელსაც ბრალდებულიც ესწრებოდა.
ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი გამომძიებლებს საქმის მთავარი მტკიცებულების, ჩვენებების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თამთა თოდაძის და მისი დედის ჩვენება იდენტურია.
“აღნიშული ექსპერტიზა არის პირდაპირი პასუხი იმისა, რომ ერთი პირის მიერ არის შესრულებული თამთა თოდაძის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და მასთან ერთად დედის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც არაპირდაპირი მოწმეა. ცნობილია, რომ ბრალდების დადგენილება დაეყრდნო ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – თამთა თოდაძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა. აღნიშნული ჩვენება გახლავთ არასარწმუნო, პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ კოპირების გზით არის შესრულებული ერთი ადამიანის მიერ, ანუ გამომძიებელი უთითებდა, გამომძიებელმა დაწერა აღნიშნული, მას არ მოუსმენია თამთასთვის, განავრცო, სამართლებრივად დაასაბუთა, დაამძიმა და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ილია ჯიშკარიანს ბრალი,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
ილია ჯიშკარიანს გამოძიება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ედავება.