ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქრობის პროცესში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტფრენმა მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური ავზების საშუალებით ხანძრის კერებთან დამატებითი წყალი აიტანა, რათა ადგილზე არ შეფერხდეს მუშაობა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის მხარეებიდან. ცოცხალი ძალის რაოდენობა 200 მეხანძრე-მაშველამდეა გაზრდილი.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი დრონის საშუალებით ხდება.
სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
სოფელ ორმოცთან ეროვნული სატყეო სააგენტოს 15 თანამშრომელი მუშაობს.