რას ჰყვება ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი, რომელიც ცხინვალში ჩავიდა და ვაჟა ექიმის ე.წ. სასამართლოზე დასწრებას შეეცადა

ვაჟა გაფრინდაშვილის ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა, ვლადიმერ ფიდაროვმა მითხრა, გაფრინდაშვილი სასამართლო პროცესზე იმეორებდა ერთსა და იმავეს, რომ აქ არის საოკუპაციო რეჟიმი, მე დამაკავა საოკუპაციო რეჟიმის ჯარმა, მე საქართველოს ტერიტორიაზე ვარ და არაფერი დამირღვევიაო, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემ განაცხადა.

ბადრი მანჯავიძე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატია, ის ცხინვალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასწრებას შეეცადა.

მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მანჯავიძემ განაცხადა, რომ ის, ე.წ. პროცესის შემდეგ ექიმის ვლადიკავკაზელ ადვოკატს, ვლადიმერ ფიდაროვს გაესაუბრა. „20 დეკემბერს მივედი ცხინვალის ე.წ. სასამართლოსთან. როცა ვაჟა ექიმი მოიყვანეს, მითხრეს, რომ შენობიდან გავსულყავი, რადგან პროცესი იყო დახურული და აღარ შემიშვებდნენ. 4 საათს გრძელდებოდა პროცესი. მქონდა საუბარი ბადრაგთან, ისინი პერიოდულად გარეთ გამოდიოდნენ სიგარეტის მოსაწევად. ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები, მეუბნებოდნენ, უნდა გაიგოს ყველამ, რომ აქ სხვა ქვეყნაა და სხვა კანონებიაო. ვკითხე, ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობის შესახებ. ბუნებრივია, მითხრეს, რომ ის, კარგად იყო. სხვას არც ველოდი მათგან, რომ ეთქვათ ცუდადააო. მე მოვკარი თვალი ბატონ ვაჟას, როცა მანქანიდან გადმოიყვანეს. როცა დასრულდა პროცესი, გამოვიდა ადვოკატი, ვლადიმერი, ასე გამეცნო. მქონდა მასთან საუბარი. იყო არაკარგ განწყობაზე, მითხრა, რომ ვაჟას მიუსაჯეს წელიწადი და 9 თვე. ამ ე.წ. რესპუბლიკაში 2015 წლიდან რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს. ადვოკატმა მითხრა, რა ვქნა, მე უძლური ვარო. იმეორებს ერთსა და იმავესო. ამბობსო, რომ აქ არიან საოკუპაციო ჯარები, აქ არის საოკუპაციო რეჟიმი, მე დამაკავა საოკუპაციო რეჟიმის ჯარმა, მე საქართველოს ტერიტორიაზე ვარ და არაფერი დამირღვევიაო. ადვოკატმა მითხრა, რომ ვთხოვე, გაჩუმებულიყო და დუმილის უფლება გამოეყენებინა, მაგრამ არ მიჯერებსო. არ ჩერდება და როგორც წინა, ასევე ამ სასამართლოზე იმეორებს თავისასო. მე უძლური ვარო. ისიც მითხრა ადვოკატმა, რომ აქ სამართლის პოვნა როგორ წარმოგიდგენიათ? აქ სამართალი არ არსებობსო. ვაჟა გაფრინდაშვილი ისჯება იმის გამო, რომ ის პატრიოტი კაცია, რომ თვლის, არანაირი საზღვარი არ დაურღვევია” – განაცხადა მანჯავიძემ.

ადვოკატმა იმ დაბრკოლებებზეც ისაუბრა, რაც ცხინვალში შესვლისას შეუქმნეს. „გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ცხინვალში, მივიღე 15 დეკემბერს, როცა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს ორმაგი მოქალაქეობა. შევთავაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, რომ შემეძლო გავმგზავრებულიყავი ცხინვალში, ე.წ. სასამართლოზე დასწრების მცდელობა მექნებოდა, თუ გამატანდნენ ნივთებს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს, მზად ვიყავი წამეღო და გადამეცა ჩვენი ტყვე ქართველისთვის. ოჯახის, მეუღლის მხრიდან იყო პასუხი, რომ სასიამოვნო იყო ეს შეთავაზება, მაგრამ მათთვის მიუღებელი იყო ჩემი სახით კიდევ ერთი პატიმარი გაჩენილიყო ცხინვალის რეჟიმში. ამის საშიშროება იყო. ჩავედი ვლადიკავკაზში და იქიდან გავემგზავრე ცხინვალისკენ. ვალდიკავკაზში ტაქსის მძღოლებმა უარი თქვეს ჩემს წაყვანაზე, რადგან ოსური არ ვიცოდი. მე მათ ვუთხარი, რომ საფლავის მოსანახულებლად მივდიოდი. შემდეგ ავტობუსს გავყევი. ე.წ. საზღვარზე ცხინვალის მებაჟეებმა მომიწყვეს დაკითხვა, თუ სად მივდიოდი, ვისთან. ვუთხარი, რომ მივდიოდი გიორგი ბესტაუთისთან, მის საფლავზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

​ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. 20 დეკემბერს მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები