დაცვის მხარე ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული კახა ჩხეტიანისთვის 5000-იან, ხოლო პეტრე ყუფარაძისთვის 2000-ლარიან გირაოს ითხოვს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის, პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, პეტრე ყუფარაძე დაჭრილ ცოტნე გამსახურდიას ეხმარებოდა.
“პეტრე ყუფარაძე ეხმარებოდა, როცა ცოტნე დაჭრეს, საკაცეზე თავად დააწვინა, მივიდა პოლიციაში. შემდეგ პოლიციამ დაკითხა და გამოუშვა სახლში. მეორე დღეს დაიბარეს და დააკავეს. ცოტნე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არიან ბავშვობის მეგობრები. რაც არ ჩაუდენია, იმას ვერ დაიბრალებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს, 2000 ლარს ვთავაზობთ“, – განაცხადა პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა.
წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული კიდევ ერთი პირი კახა ჩხეტიანი. მისი ადვოკატის, მაია მაჩიტიძის თქმით, ის სასამართლოს გირაოს სახით 5000-ლარიან გირაოს სთავაზობს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და უნდა მოხდეს მის მიმართ საქმის შეწყვეტა. ყველა მოწმე ამბობს, რომ ის აშველებდა გამსახურდიას და სხვა პირებს, თვითონაც ამას ამბობს. მას ოჯახში ჰყავს ავადმყოფი დედა. ძმა დაღუპული ჰყავს და სახლში რძალი და ძმისშვილი ჰყავს. არანაირი გაქცევის საშიშროება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს დანაშაულს, ალტერნატივის სახით გთავაზობთ გირაოს შეფარდებას 5000-ლარის ოდენობით“, – განაცხადა კახა ჩხეტიანის ადვოკატმა.
წარდგენილ ბრალს არ აღიარებს ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილიც.
ცოტნე გამსახურდია რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარუდგინა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები