ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდების მხარე, დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოძიებას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდების პოზიციას გაიზიარებს.
„დანაშაული განხორციელებულია 2019 წლის 19 დეკემბერს, მოტივი კი, ურთიერთშელაპარაკებაა. ბრალდების მხარის მოთხოვნაა ხუთივე დაკავებული პირის მიმართ სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია დღევანდელი კანონმდებლობისთვის, რათა ჩვენი მოთხოვნა იყოს სრულიად არგუმენტირებული და დასაბუთებული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და პოზიციას. ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში, შესაბამისად, კვალიფიკაცია არის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად და აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობა“, – განაცხადა გოგოხიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარუდგინა.