“USAID” საქართველოს ნერგის სერტიფიცირების საკითხებში დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნერგის სერტიფიცირების პროცედურების დახვეწაში დაეხმარება. სამუშაო შეხვედრაზე, ნერგის სერტიფიცირების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, საკანონმდებლო ბაზაზე და სამომავლო გეგმებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. “USAID”-ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაში ხელშეწყობას და სპეციალისტების გადამზადებას გულისხმობს, სანერგე მეურნეობების ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ახალ საფეხურზე გადადის.
“საქართველოს სოფლის მეურნეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. დღეისათვის, სანერგეთა დიდი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს; ამავდროულად, გვაქვს პერსპექტივა, საქართველოში ნაწარმოები ნერგი გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე; ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრა, სადაც თითოეულ უწყებას განესაზღვრა, თუ რა გზებით შეიძლება უვირუსო და მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება, თუ როგორ უნდა მივიღოთ წარმოებაში საერთაშორისო აღიარება“, -აღნიშნა ხანიშვილმა.
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. იმისთვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, კვალიფიციური სანერგის სტატუსი მოიპოვოს. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე სერტიფიცირების პროცესში ჩართვას შეძლებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.
სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომელიც მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზებასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები