დავით ქაცარავა გირაოს გარეშე გაათავისუფლეს

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა  გირაოს გარეშე გათავისუფლდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე 5 000ლარიანი გირაოს ითხოვდა , თუმცა მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“დასრულდა დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელზეც პროკურორმა მოითხოვა ჩემთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება. შეგახსენებთ, 20 აგვისტოს სოფელ ბობნევში ჩემზე განხორციელდა თავდასხმა. როგორც აღმოჩნდა, თავდაცვაც დანაშაული აღმოჩნდა და პროკურატურამ წამიყენა ბრალი. დღეს, სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეტანა გადაწყვეტილება ჩემთვის მოთხოვნილი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ დაუკმაყოფილა პროკურორს მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და ღირსეული. შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 11 თებერვალს.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც ვიგრძენი თქვენი მხრიდან, ყველა ის განცხადება, ინტერვიუ, კომენტარი, მხარდაჭერის ყოველი სიტყვა, რომელიც დაფიქსირდა პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების თუ რიგითი მოქალაქეების მხრიდან, უდიდესი მნიშვნელობის იყო, არის და იქნება. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ადვოკატებს ვახტანგ იაშვილს და ზურაბ ბეგიაშვილს, რომლებიც მიცავენ სისტემისგან, ასევე მადლობა მოსამართლე ლევან დარბაიძეს, რომელმაც ამ მართლაც ძალიან რთულ პერიოდში მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას! ძალა ერთობაშია!”,- დაწერა სოციალურ ქსელში  დავით ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები