გრიგოლ ვაშაძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მმართველი გუნდის შეთავაზება მიუღებელია
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათთვის “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ვარიანტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიუღებელია.
მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის ამგვარი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ისინი დიალოგში მონაწილეობაზე საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან უარს.
„არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით – 50 მაჟორიტარი დეპუტატი, 100 პროპორციული დეპუტატი და არამარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ საქართველოში ყველა დანარჩენი არჩევნებიც უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს, როგორ წვალობენ, დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობაზე უარს. ესმით, რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ საზოგადოებაში საშინელი კრიზისია. არ ვიცი, როდის გაგრძელდება მოლაპარაკება. სიმართლე გითხრათ, ჯობია მოლაპარაკებები ამ ოთახში, ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რაღაც მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, ჩვენ მხარდამჭერებს და საერთოდ საქართველოს ამომრჩევლებს ვერასდროს ავუხსნით, თუ დავთანხმდებით რამეს. ნუ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ მმართველობას. პროტესტი გაგრძელდება, სანამ სამი მოსმენით არ იქნება მიღებული ისეთი სისტემა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.