თანაინვესტირების ფონდი “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს ეხმაურება
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტელეკომპანია “მათვარ არხზე” გასულ სიუჟეტს სახელწოდებით “ვასაძე – ივანიშვილის ბიზნესი” სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომლის მიზანიც მათივე თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
“კვირა” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 16 დეკემბერს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში, კერძოდ 21:00 სთ-ზე, საინფორმაციო გამოშვებაში, გასულ სიუჟეტს სახელწოდებით “ვასაძე – ივანიშვილის ბიზნესი“, რომელშიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, არ გადაუმოწმებიათ მათ მიერ ნაამბობი სიუჟეტის ავთენტურობა და არ მოუძიებიათ 2019 წლის უახლესი დოკუმენტაცია, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც ამყარებს მიზანმიმართული დეზინფორმაციის არგუმენტს. სიუჟეტში მოყვანილი მცდარი ინფორმაციის ნუსხიდან, ვპასუხობთ ძირითად არგუმენტებს:
სიუჟეტში გაჟღერებულია მცდარი ინფორმაცია, თითქოს ლევან ვასაძე დღესაც შპს ჯი სი ეფ პარტნიორების პარტნიორია და არგუმენტის განსამტკიცებლად მოყვანილია 2013 წლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. 2013 წლის 24 მაისიდან, 2014 წლის 26 ივნისამდე, ბატონი ლევან ვასაძე, გიორგი ბაჩიაშვილთან და უჩა მამაცაშვილთან ერთად მართლაც იყო შპს ჯი სი ეფ პარტნიორების თანადამფუძნებელი. აღნიშნული ინფორმაცია არასდროს ყოფილა დამამლული და გასაჯაროებული იყო, როგორც საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელენულ ოფიციალურ პრეს-რელიზში, ასევე სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში. თუმცა უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც ბატონი ლევან ვასაძე კომპანიის პარტნიორი აღარ არის. 2014 წლის 26 ივნისს, პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე მისივე ნებით შეწყდა წილობრივი მონაწილეობა, შედეგად ბატონმა ვასაძემ მისი კუთვნილი წილი გადასცა უჩა მამაცაშვილს და გიორგი ბაჩიაშვილს. მას შემდეგ ბატონი ლევან ვასაძე აღარ ყოფილა ჩართული შპს ჯი სი ეფ პარტნიორების საქმიანობაში და დღესაც მას არ გააჩნია კავშირი, როგორც ფონდთან, ასევე მის შვილობილ კომპანიებთან.
სიუჟეტში ასევე, მცდარად არის გაჟღერებული ინფორმაცია დამკვეთი და შვილობილი კომპანიების თაობაზე. კერძოდ, ნახსენებია რომ პროექტის, „სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე“ დამკვეთია ტურიზმის განვითარების ფონდი, ხოლო ფონდის მესაკუთრეა შპს ოლდ სითი, რომელსაც თითქოს შპს ოლდ სითი დეველოპმენტი ფლობს, რისი დირექტორიც ბატონი გრიგოლ ლილუაშვილია. აღნიშნულ განცხადებაში არაერთი მცდარი ინფორმაციაა:
სინამდვილეში, ერეკლე მეორეს მოედანზე არსებულ პროექტს, ახორციელებს შპს ოლდ სითი, რომლის ამჟამინდელი რეგისტრირებული დირექტორია ივანე ბონდირევი, რაც ასევე საჯარო ინფორმაციაა და დასტურდება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით. შპს ოლდ სითის 100% წილის მფლობელია შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც ადრე შპს ოლდ სითი დეველოპმენტად იყო წოდებული. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, შპს ჯი სი ეფ პარტნიორებს ყავს მხოლოდ ერთი დამფუძნებელი პარტნიორი – გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ფლობს კომპანიის 100% წილს. კომპანიის გენერალური დირექტორი არის ცოტნე ებრალიძე. შპს ჯი სი ეფ პარტნიორებს სხვა არც რეგისტრირებული და არც არარეგისტრირებული მმართველი არ ყავს.
რაც შეეხება დებულებას, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი შპს ოლდ სითის მოქმედი დირექტორია ცალსახად მცდარია, ვინაიდან, გრიგოლ ლილუაშვილი 5 წლის წინ იკავებდა შესაბამის თანამდებობას, რის შემდეგაც კომპანიამ ორი დირექტორი გამოიცვალა. გრიგოლ ლილუაშვილი აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2014 წლის 17 მარტიდან – 2015 წლის 4 თებერვლამდე. მას შემდეგ, 2015 წლის 4 თებერვლიდან – 2018 წლის 10 აპრილამდე შპს ოლდ სითის დირექტორი იყო ირაკლი ქარსელაძე; ხოლო, 2018 წლის 10 აპრილიდან დღემდე შპს ოლდ სითის დირექტორია ივანე ბონდირევი, რომელიც სიუჟეტში ნახსენები საერთოდ არ არის”,-ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.