სოფო ხუნწარია: სიკვდილი არ არის გამოსავალი, თქვენ უნდა იცოცხლოთ, იცხოვროთ, არაფერია მარადიული თქვენს გარდა
თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
მისი თქმით სიკვდილი გამოსავალი არ არის და ყველა მოზარდს აქვს სიცოცხლის უფლება.
“მე რასაც ახლა დავწერ მოკლებულია პოლიტიკურ შინაარსს. უმორჩილესად გთხოვთ, არცერთმა არ დაწეროთ ლოზუნგები, რადგან ლოზუნგების ქვეშ კვდებიან ჩვენი შვილები და რომ არ დავწერო არ შემიძლია. მე მხოლოდ მინდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა! ვიყავი თქვენ ხელა, როდესაც პირველად მეგობრის პანაშვიდზე ვიდექი. მაშინაც კლავდნენ და იკლავდნენ თავს. მაშინ ბნელოდა და სახლში დაბრუნებულს ლამპის მბჟუტავი შუქი გვხვდებოდა. ადრეც დავწერე მგონი, რომ რომანტიზმის ტოლფასი გახდა, ბიჭების სიკვდილი, ჩვეულებრივი დღის წესრიგი იყო, კიდევ ერთ პანაშვიდზე დგომა და ვიყავით ამაყები, რომ ის ჩვენი მეგობარი იყო, ვინც იწვა, გვეგონა, რომ სიმართლისთვის იწვა “თავი არ დააჩაგვრინა” ან რამე ეგეთი მიზეზი. დღეს კადრში დავინახე 15 წლის ჭირისუფალი ბიჭები. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. თქვენთან ერთად, გულში ვატარებ იმ ემოციას, რომელიც ახლა გაქვთ. მოგმართავთ თქვენ, მივმართავ ჩემ შვილს რომელიც 16 წლის ხდება, ყველას, ვინც დღეს დიდი თვალებით გვიყურებთ. თქვენ უნდა იცოცხლოთ, იცხოვროთ, არაფერია მარადიული თქვენს გარდა. უნდა გვაპატიოთ, უნდა! არ გადავარდეთ რომანტიზმში, სიკვდილი არ არის გამოსავალი. თქვენ უნდა იცოცხლოთ უნდა გვეჩხუბოთ და ჩვენ უნდა მივიღოთ, დაგიჯეროთ. თქვენსკენ ვარ მეც და ყველა დედა! უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ სიკვდილამდე გვიყვარხართ და გველაპარაკეთ, შეგვანჯღრიეთ. გვაპატიეთ, რომ მართლა იმაზე ვფიქრობთ, როგორ გაჭამოთ, თუ როგორ გაგზარდოთ და გვრჩება მთავარი – მარადიულზე, მთავარ უფლებებზე გელაპარაკოთ. მთავარი კი მხოლოდ ის არის, რომ თქვენ გაქვთ სიცოცხლის უფლება, განათლების, სუნთქვის, თვითდამკვიდრების, უკმაყოფილების გამოხატვის, კამათის, შეპასუხების ყველაფრის იმისთვის, რომ იცხოვროთ, იცოცხლოთ. აღარ წახვიდეთ, არ დაგვტოვოთ გთხოვთ! სიკვდილი არ არის გამოსავალი. ახლა მე გიყურებთ დიდი თვალებით და ყველა დედა. ნუ დაგვტოვებთ მარტო!!! თქვენს გარდა არაფერია მარადიული!!!”,- წერს ხუნწარია.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.