“ტანს ზემოთ შიშველ ფოტოებს მიღებდნენ” – რას ყვება არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეში დაზარალებული ერთ-ერთი მოზარდი (ვიდეო)

გახმაურებული და შემზარავი ამბის დამატებითი დეტალები “რეგიონულმა კვირამ” გამოარკვია და მეურვის თანხმობით ერთ-ერთი ის მოზარდი ჩაწერა, რომლის მშობლებიც პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავა.
“რეგიონული კვირის” რედაქციის გადაწყვეტილებით, ჟურნლისტური ეთიკისა და მედიის სტანდარტების შესაბამისად, სტატიაში მცირეწლოვნის ვინაობას არ ვასახელებთ, რათა მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს​.

ჩვენი რესპოდენტი მხოლოდ 11 წლისაა. მას ზუსტად არ ახსოვს რამდენ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა, კარგად ახსოვს, რომ ფოტო და ვიდეოგადაღებები ორ ქალაქში – გორსა და თბილისში მიმდინარეობდა. ფოტოგრაფი კი ორივე შემთხვევაში უცხოეთის მოქალაქე იყო. დაზარალებული გოგონა ჩვენთან საუბარში ყვება, რომ ფოტოსესიაზე პირველად დედ-მამამ წაიყვანა. გოგონა იმასაც იხსენებს, რომ პირველ ფოტოსესიას მისი დედაც ესწრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გადაღებები თბილისში გაგრძელდა, დედამისი სტუდიაში აღარ შესულა და პროცესის დასრულებას სხვა ოთახში ელოდა. როგორც 11 წლის მოზარდი გვიყვება, სწორედ დედაქალაქში მოწყობილ სტუდიაში მოსთხოვა ფოტოგრაფმა ტანისამოსის გახდა და ფოტოების შიშველ ან ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გადაღება. მოზარდის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ დედასთვის არ უთქვამს.

„პირველად დედამ და მამამ წამიყვანეს ფოტოსესიაზე, მაგრამ სად იყო კონკრეტული ადგილი არ ვიცი. როცა გორში ვიყავით, მიღებდნენ ჩვეულებრივ ფოტოებს, დავდგებოდი და მიღებდნენ ჩაცმულს. თბილისში უკვე ტანს ზემოთ შიშველ ფოტოებს მიღებდნენ, ხან საცურაო კოსტიუმით, ხან კაბებით. დედა ამ დროს მეორე ოთახში იყო, სხვა ოთახში. ეგრე არ უთქვამთ, რომ შემოსვლის უფლება არ ჰქონდა დედას, უკვე ენდობოდნენ (მშობლები) იმ კაცს და აღარ შემოდიოდნენ. დედამ არ იცოდა, რომ ტანს ზემოთ შიშველ ფოტოებს მიღებდა, არ მითქვამს”, – გვიყვება დაზარალებული არასრულწლოვანი.

მოზარდის ამჟამინდელი მეურვის – ბებიის მტკიცებით, მისი შვილი და რძალი უკანონოდ არიან დაკავებულები, თუმცა არ უარყოფს, რომ ფოტოსესიების შესახებ ოჯახი საქმის კურსში იყო. “რეგიონულ კვირასთან” ​საუბარში, იმასაც განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით, არასრულწლოვნების ფოტოები სხვადასხვა უცხოური გამოცემის საზღაპრო ილუსტრაციებისთვის იყო საჭირო. მოზარდის ბებია იხსენებს, რომ მის შვილიშვილს აშშ-ს მოქალაქემ, რომელიც არასრულწლოვნებს ფოტოებს უღებდა, დაბადების დღე გადაუხადა და მობილური ტელეფონი აჩუქა.
„ჩვენ ამ ფოტოებს იმიტომ ვიღებთ, რომ მოდელებად გვინდა გაიზარდონ ეს ბავშვებიო. საზღვარგარეთ ვგზავნი, რომ ზღაპრების წიგნები გაფორმდეს ამ ბავშვების ფოტოებით და ვყიდითო. რა ვიცოდი, სინამდვილეში რას აკეთებდა, ვის უნდა ენდო თუ არა პედაგოგს. შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ აქ რომ შემოუშვა ეგ ადამიანი. ძებნილი ყოფილა, ხომ უნდა ეკითხათ ვინ არის, რა წარსული ჰქონდა. მოვიდა და პედაგოგად დაიწყო მუშაობა, ბანკეტებზე და ბოლო ზარებზე ფოტოებს უღებდა ბავშვებს. საუკეთესო სახელი ჰქონდა, წარჩინებული პედაგოგი იყო. აი, ამით მოატყუა მაგან ყველა.
ჩემი შვილი და რძალი დააკავეს 5 დეკემბერს, გორში. ბრალი წაუყენეს, ვითომ, თავის შვილებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ და გაყიდეს თავისი შვილები.
მე ვიცოდი რომ ბავშვი დადიოდა გადაღებაზე და ზღაპრის წიგნებს აფორმებდნენ ამ ფოტოებით. თანხას იღებდნენ თუ არა, ეგ არ ვიცი. ვიცი ის, რომ ფოტოგრაფმა ჩემს შვილიშვილს დაბადების დღე გადაუხადა და ტელეფონი აჩუქა. მე ამათთან არ ვცხოვრობ, ცალკე ცხოვრობდნენ ჩემი შვილი, რძალი და ეს ბავშვები. აი, ასე უპატრონოდ დამიტოვეს ორივე. რატომ არ ფიქრობენ, როგორ უნდა იცხოვრონ ამ ბავშვებმა. ცოტა სტრესი მიიღო ჩემმა შვილიშვილმა? ცოტა ხმამაღლა რომ მინდა ვუთხრა რამე, მეც ხომ ნერვები მაქვს, ბავშვი ცუდად მიხდება. დედაც მოაცილეს ბავშვს და მამაც – ოჯახს ეგენი ინახავდნენ. ჩემი პენსიით ციხის კარებზე ვიარო თუ ბავშვები ვარჩინო“, – ამბობს 11 წლის გოგონას ბებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის 22 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგები არიან. ​
​გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით ხორციელდებოდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები