საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საბაზრო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.