სურამში ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ განხილვა გაიმართა
სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ, სურამის №2 საჯარო სკოლაში განხილვა გაიმართა.
შეხვედრას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია – საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის – არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა. ქალაქთმშენებლობით გეგმებზე მუშაობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება“,- ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.