ნათია თურნავა: ის, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე

“ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკვე გრძნობს თავს ევროპული ოჯახის წევრად და ამის დასტურია ის მიღწევები, რაც უკვე გვაქვს – იქნება ეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თუ ვიზალიბერალიზაცია.
„ჩვენ ძალიან გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ეწყობა. როგორც იცით, „ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ წამოიწყო ეს ინიციატივა და ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ჩვენი შვილები, მათი შვილები იქნებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყველა გაგებით და ჩვენ ამას გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკით მივაღწევთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციის რეფორმების ავანგარდშია და რეფორმებს ატარებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ხარისხის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის ნაწილი.
„ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმა შემიძლია დავასახელო, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ უფრო მეტად ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული და პრაქტიკულად მარტივად და ყველა ვალდებულებების შესრულებით თანდათან შევუერთდეთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო განწყობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და არ გვაქვს საშუალება, რომ გაერთიანებულმა საქართველომ ერთად ვიზეიმოთ და აღვნიშნოთ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, ვერ ხვდება დღევანდელ დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად, არის ძალიან მძიმე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისკენ. ევროპა ეს არის გზა მეტი დაცულობისკენ, ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამას ყველა ერთად მივაღწევთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები