ევროპის კვირეულის დასკვნით ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცაგერიდანაც უერთდებიან (ვიდეო)
ევროპის კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ლეჩხუმელები უერთდებიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კოლონით თბილისისკენ დილის 8 საათზე გაემგზავრნენ.
როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და სტრასბურგში მოძრავ ტრამვაიზე ქართული ანბანი იყო დაწერილი. სწორედ, ამიტომ როგორც ისინი ამბობენ, სურთ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ამასთან, მმართველი გუნდისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უზრუნველყოფს.