აშშ-ის სენატმა სომხების ე.წ. გენოციდი აღიარა – თურქეთი ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე საუბრობს

სენატის რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიიდან სომხების გენოციდის შესახებ, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მიმართულია თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობის განვითარების გაუარესებაზე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სენატის რეზოლუცია ისტორიულ სიზუსტეს და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იყოს პოლიტიზირებული ისტორია. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე არის დამანგრეველი მცდელობა, რომ მოხდეს თურქეთ-აშშ-ის შორის ურთიერთობის განვითარების გაუარესება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „ის, ვინც ისტორიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მიზანს ვერასდროს მიაღწევს“.

„ასეთი უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიუხედავად, თურქეთის ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად გაგრძელდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის კონგრესის სენატმა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიიდან სომხების ე.წ. გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

სენატის გადაწყვეტილების კომენტირებისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ისტორიული მოვლენაა“.

ოსმალეთის იმპერიიდან სომხების ე.წ. გენოციდი აღიარებული აქვს ევროპარლამენტს; სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო კოალიციას; გაეროს დისკრიმინაციისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის კომისიას; ლათინური ამერიკის პარლამენტს;

სომხების მასობრივი დახოცვა ოფიციალურად დაგმო ურუგვაის პარლამენტმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, შვედეთმა, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიბანმა, იტალიამ, ლიეტუვამ, საბერძნეთმა, სლოვაკეთმა, კვიპროსმა, არგენტინამ, ვენესუელამ, ჩილემ, კანადამ, ვატიკანმა, ბოლივიამ, ავსტრიამ, ლუქსემბურგმა, ბრაზილიამ, პარაგვაიმ; აშშ-ის 50 შტატიდან 49-ს (მათგან 35-ს კანონის დონეზე); გერმანიამ, ჩეხეთმა, პორტუგალიამ.

სომხების ე.წ. გენოციდის აღიარება თურქეთის ევროკავშირში შესვლის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თურქეთს ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები