„თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“ დასასრულს მიუახლოვდა და 13 დეკემბერს, 19:30 საათზე, ფესტივალის დასკვნითი კონცერტი – „ვენეციური ბაროკო“ გაიმართება.
როგორც „კვირას“  „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, მუსიკოსები ვენეციელი კომპოზიტორების: ანტონიო ვივალდისა და ჯოვანი ბენედეტო პლატის ნაწარმოებებს  შეასრულებენ.
„ამ საღამოს განსაკუთრებულს ხდის ნაწარმოები, რომლის მსოფლიო პრემიერაც საუკუნეების შემდეგ სწორედ აქ, საქართველოში, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შედგება.
5 წლის წინ, ფაგოტისტმა სერჯო აცოლინიმ პრაღის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა ჯოვანი ბენედეტო პლატის მუსიკა. როგორც თავად მუსიკოსმა აღნიშნა, წლებია ეს ხელნაწერი მის თაროზე ინახება და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, რომ თბილისში გააცოცხლოს და ქართველ მსმენელებს გაუზიაროს საუკუნეების წინ მივიწყებული მუსიკა. ასე რომ, ქართველი მსმენელი 13 დეკემბერს ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდება.
კონცერტში  „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ: პაბლო საპიკო (თეორბო და ბაროკოს გიტარა, ესპანეთი), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), აი იკედა (ფაგოტი, იაპონია) და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავი სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია).
სერჯო აცოლინი ფაგოტის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, ნოვატორი შემსრულებელია. იგი დაიბადა 1967 წელს ბოლცანოში (იტალია). განათლება მშობლიურ ქალაქში, კლაუდიო მონტევერდის სახელობის კონსერვატორიაში, რომანო სანტისთან დაიწყო. მოგვიანებით ის სწავლას აგრძელებს კლაუს ტუნემანთან ჰანოვერის მუსიკის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში პარალელურად ის ევროპის გაერთიანებული ორკესტრის პირველი ფაგოტი და რამდენიმე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული ხდება. მათ შორისაა: კარლ მარია ფონ ვებერის კონკურსი, „პრაღის გაზაფხულის“ კონკურსი და ARD. აცოლინი ათი წლის მანძილზე ცნობილ „მა–ალოტ კვინტეტთან“ (“Ma’alot Quintet”) ერთად მოღვაწეობდა. 2011 წელს მორის ბურგთან და კიმიკო იმანისთან ერთად ქმნის ტრიოს. ამავე დროს ის სოლო კარიერას მთლიანად უკავშირებს ბაროკოს ეპოქის მუსიკას და ინტენსიურად მუშაობს ძველებურ ინსტრუმენტებთან. როგორც ბაროკო ფაგოტის სოლისტი, ის ასევე თანამშრომლობს ძველი მუსიკის ანსამბლ Ensemble Baroque de Limoges – თან (ლიმოჟი, საფრანგეთი. ხელმძღვანელი – კრისტოფ კუანი), ასევე Sonatori de la Gioiosa Marca და საკუთარ ორკესტრებთან: L’Onda Armonica და La Stravaganza Köln. 2002 – დან 2007 წლამდე სერჯო აცოლინის ეკავა გერმანული ორკესტრის Kammerakademie Potsdam – ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა. 1998 წლიდან დღემდე აცოლინი ბაზელის მუსიკალური უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორია. სერჯო აცოლინი მრავალი პრესტიჟული პრემიითაა დაჯილდოებული ჩანაწერებისთვის, რომლებიც უჩვეულო სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
„საქართველოს სინფონიეტას“ და სერჯო აცოლინის უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ და ქართველ მსმენელს მათი შესრულებით არაერთი კონცერტი ახსოვს.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი) 2008 წელს დაარსდა,  2012 წელს ბაროკოს ინსტრუმენტები შეიძინა და ასე გახდა ამიერკავკასიის რეგიონში პირველი ბაროკოს ორკესტრი. 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ორკესტრმა დააარსა ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ყოველთვის სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში და სხვა.  „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ უნიკალურია, ვინაიდან იგი ერთადერთია მთელს ამიერკავკასიაში სადაც ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური მანერით სრულდება ბაროკოს ინსტრუმენტებზე.
წელს ფესტივალს 5 წელი შეუსრულდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებმა და ორგანიზატორებმა საკმაოდ დატვირთული პროგრამა შესთავაზეს ერთგულ მსმენელებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი კონცერტი და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული, თუ მარიონეტული წარმოდგენა. ასევე ჩატარდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან როგორებიც არიან: გია ბუღაძე, მარიამ ალექსიძე, თამარ ჩხეიძე და გიორგი კეკელიძე.
13 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მუსიკოსები კვლავ გვეპატიჟებიან ერთობლივ კონცერტზე და საიუბილეო ფესტივალის დასასრულს დიდ დღესასწაულს გვპირდებიან“, – – აღნიშნავს თეა მუქერია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები