ირაკლი ჩიქოვანი: უკრაინაში გაფორმდება დოკუმენტი, რომელიც სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობს

უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ გამოწვევების დასაძლევად ვიყენებთ. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში, რომელიც მნიშვნელოვანი ფორმატია წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მსჯელობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები