“ქართული ოცნება” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 14 დეკემბერს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრონ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივას უერთდება, რომლის მიხედვითაც 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.

როგორც მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.

“მოგეხსენებათ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ამასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.
​ჩვენ, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.
​ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიწვევთ “ქართული ოცნების” კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.
საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.
​მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდებ საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს მობრძანდით, მობრძანდით ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ!”-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები