ყაჩაღობა და მკვლელობა დედოფლისწყაროში – 3 პირი საზღვრის დატოვების მცდელობისას დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს და 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა.

პოლიციამ ​ორი ბრალდებული – ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი – თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები