დღეს, ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ
ჟენევაში, საერთშორისო დისკუსიების 50-ე, საიუბილეო რაუნდის მთავარი შეხვედრებისთვის ემზადებიან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება.
მისივე თქმით, ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვაზე გამახვილდება.
“განხილული იქნება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი, განხილული იქნება გადასასვლელების ჩაკეტვის თემა და ახალგორში შექმნილი მძიმე ვითარება. საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა აღდგეს ორივე მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები,” – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.