თამარ ჩუგოშვილი: ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემა უსამართლოა

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემა უსამართლოა.

როგორც მან საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრისას აღნიშნა, თავიდანვე იყო იმის ვარაუდი, რომ ამ საკითხის ჩაგდება, პროცესების ქუჩაში გადასროლას შეუწყობდა ხელს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით რამდენიმე რამეს, ერთი – ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას, გამოიწვევდა ქვეყანაში პროცესების უკიდურესად გამწვავებას და ეს ასეც მოხდა. ასევე გეუბნებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდისა და ხელისუფლების მიმართ ნდობის სრულ განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

​ჩვენ ძალიან ხშირად ვართ სწორედ მათზე დამოკიდებული, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერზე, რაც აქ მოხდა. სისტემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო. ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ცვლილება ყოფილიყო მიღებული”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები