გუგული მაღრაძე: ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასებების ფონზე, ვერაგობაა ქართული ოპოზიციის მცდელობა, რომ რეზოლუციაში უარყოფითი შეფასებები გაკეთდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებების თაობაზე.
მისი თქმით, საქართველოს კიდევ უფრო მეტი დახმარება ექნება ევრონესტიდან, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური.
“ახალი ფორმატის – ე. წ. სამეულის შექმნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი დახმარება ექნება ევრონესტიდან, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური. სამეულში არის – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომელთაც უფრო მაღალი დონე აქვთ ევროკავშირთან ურთიერთობის და, შესაბამისად, სხვა ტიპის მოთხოვნები და სხვა ტიპის საჭიროებები გააჩნიათ.
ევროკავშირი მაქსიმალურად უპასუხებს თავისი დახმარების პაკეტებით ამ სამ ქვეყანას. განხორციელდება პრინციპი „მეტი მეტისთვის” ანუ რომელი ქვეყანაც უფრო წარმატებული იქნება, მას კიდევ უფრო მეტი დახმარება მიეცემა”, – განმარტა გუგული მაღრაძემ.
მისივე მოსაზრებით, ამ ფონზე, როცა ევროპელი კოლეგები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დიდი ვერაგობაა ქართული ოპოზიციის სისტემატური მცდელობა, რომ რეზოლუციაში სხვადასხვა მიმართულებით უარყოფითი შეფასებები გაკეთდეს. “2012-2016 წლებში ვიყავი საპარლამენტო ასამბლეის წევრი და მე არ მახსოვს არცერთი შეხვედრა, რომ არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რაიმე უარყოფითი შესულიყო რეზოლუციაში. ოპოზიცია თანდათან კარგავს მხარდამჭერებს. გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან ჯანსაღად აფასებს იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რა წესით ჩატარდება არჩევნები საქართველოში, ეს არის ქვეყნის შიდა საქმე და მთავარია არჩევნები იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. “ვიმედოვნებ, რომ საქართველოში გვეყოლება ოპოზიცია, რომლისთვისაც მთავარი იქნება ქვეყნის წარმატებები და არაა მათი პოლიტიკური დღის წესრიგი”, – აღნიშნა დეპუტატმა.