ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ადგილობრივმა დეპუტატებმა, თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

“კანონის და რეგლამენტის გათვალისწინებით, დამევალა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ ვინ იქნება მომავალი საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულო ჩვეულ რეჟიმი გააგრძელებს მუშაობას. არის პროცედურები, არის განსახილველი საკითხები, პირველ რიგში ეს გახლავთ ბიუჯეტი. შესაბამისად იმისათვის, რომ საკრებულომ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ბიუჯეტის დამტკიცებისთვის,საჭირო იყო ეს გადაწყვეტილება რომელიც დღეს მივიღეთ“, – აღნიშნა ირაკლი შენგელიამ .

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რაც 2020წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

შენგელიას თქმით, ბიუჯეტის დამტკიცებისას პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ინფრასტრუქტურული,სოციალური და ჯანდაცვის სფერო და ასევე, ის საკითხები, რაც განხილვის შედეგად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე იქნება გამოკვეთილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა 3 დეკემბერს დატოვა.

„მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. მე გუნდში რამდენიმე თვის უკან გავაჟღერე წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მით უმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისმა”,- დაწერა სოციალურ ქსელში ლატარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები