ირაკლი ქარსელაძე: 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებული ადამიანების 80 % საქართველოს მოქალაქე იქნება.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, მიმდინარე წელს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, ხელშეკრულება პირველ – ჩუმათელეთის-ხევის მონაკვეთზე გაფორმდა, სადაც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეოთხე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები ბოლო ეტაპზეა. ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზეც.
“2020 წელს დაგეგმილია ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 41 კმ-იანი ახალი ორი ზოლის მშენებლობის დასრულება, რაც ამ ორ ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად განტვირთავს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებზე დასაქმებულია 10 000 ადამიანი და მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ისე კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.