ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, გურჯაანში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა

0

 ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გურჯაანის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და ვაზისა და ღვინის დარბაზი გახსნეს. ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები, მათ შორის ვაზისა და ღვინის შესახებ ლიტერატურა. ჩატარდა შეხვედრა, სადაც ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„დიახ, იქაც ჩვენ ვართ – აქაც ჩვენ ვართ. დღეს გურჯაანის ბიბლიოთეკაში, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა“ – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გურჯაანის ბიბლიოთეკას სხვა წიგნებთან ერთად ვაზისა და ღვინის შესახებ ლიტერატურა გადასცა. გურჯაანის ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზი ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის შესახებ ელექტრონული ბაზებითაც ისარგებლებს. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის თანამშრომელი ბესო ბაჯელიძე.
„ამ დარბაზის გახსნის იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს მირიან ხოსიტაშვილს ეკუთვნის. ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე ჰქონდა ასეთი სივრცე და ჩვენც გადავწყვიტეთ, მსგავსი დარბაზი მოგვეწყო.
გურჯაანი მეღვინეობით განთქმული მუნიციპალიტეტია, აქ ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი და გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავრთულიყავით ამ პროცესში. ვაზისა და ღვინის დარბაზში გამოვიტანეთ ჩვენს ფონდში დაცული ლიტერატურა. შემოგვემატა ახალი წიგნებიც. ვაპირებთ ჩვენი მეღვინეებისთვის ლექციების, საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარებას. ძალიან ბევრი კერძო მარანია გახსნილი გურჯაანში და შევეცდებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციასაც. ამჟამად დარბაზში ოთხი მეღვინის პროდუქციაა გამოფენილი თავისი ანოტაციებით. შესაძლებელია ახალი ღვინოების პრეზენტაციის ჩატარებაც. ამით ჩვენ შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დარგის განვითარებაში“, – აცხადებს გურჯაანის ბიბლიოთეკის დირექტორი სალომე ბოგვერაძე.

კომენტარები

კომენტარი