ლენტეხში ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოხუც ძმებს მერია და გუბერნია სხვადასხვა სახით დაეხმარება
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში მუკბანიანების ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. მეზობლების ვარაუდით, ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა დაზარალებულებს პირველადი დახმარება გაუწიოს, როგორც მატერიალური სახით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით.
“მერიაში შევთანხმდით, რომ ხვალისთვის ყველა საჯარო მოხელე მოხუცებისთვის საკვებს და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთებს შეაგროვებს, ხუთშაბათს კი ლენტეხში დიდი აქციაა დაგეგმილი, სადაც ლენტეხელები დაზარალებულებსსხვადასხვა სახით დაეხმარებიან, ვისაც რისი საშუალება ექნება. ასევე აპირებენ დახმარებისთვის წითელ ჯვარსაც მიმართონ, ხოლო მას შემდეგ რაც დოკუმენტაცია შედგება, მერია მოხუცებს ფულადი თანხითაც დაეხმარება”, – თქვა ბადრი ლიპარტელიანმა.
უსახლკაროდ დარჩენილი მოხუცების დახმარებისთვის მზაობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორიც გამოთქვამს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დამწვარ სახლში ორი მოხუცი ძმა – 84 და 85 წლის ქელეშბი და ილარიონ მუკბანიანები ცხოვრობდნენ. ისინი მეზობელ სახლში არიან გადაყვანილნი, რომლის პატრონიც ამ დროისთვის სოფელში არ იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველოს 2 ჯგუფი და 10 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.