“ბოლო 10 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ეფექტური ჩარჩო წარმოადგინა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის მანძილის შემცირებას”
აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამ წლების განმავლობაში არაერთი შესაძლებლობა მოგვცა და მივესალმებით ევროპაში დისკუსიას, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარულ სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყოველწლიური სესია მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მიმდინარეობისას იმ სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ, რომელიც საერთო მიზნების მისაღწევად უნდა გადაიდგას.
“ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენ, პარლამენტარებმა საქართველოს კონსტიტუციაში ავსახეთ. სრულიად ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიის გაძლიერება მუდმივი „სამუშაო პროცესია”. აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამ წლების განმავლობაში არაერთი შესაძლებლობა მოგვცა და მივესალმებით ევროპაში დისკუსიას, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს უკავშირდება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის სიტყვები შეახსენა.
“ევროკომისიის პრეზიდენტმა მართებულად აღნიშნა, რომ „ევროპა არ არის მხოლოდ განძი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, არამედ ევროპა არის დაპირება, ევროპა არის მომავალი და ევროპა არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ აგურ-აგურ და ყოველდღიურად”. და მართლაც, არ შეიძლება Pax Europaea (ევროპული მშვიდობა) ჩვეულებრივ მოცემულობად განვიხილოთ. ჩვენ ევროპას ვუახლოვდებით ამ სულისკვეთებით და შეგვაქვს საკუთარი წვლილი მის დაცვაში, – ჩვენს მიერ შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი არის ჩვენი მტკიცე ერთგულება ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისადმი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისკენ გადადგმული მორიგი წარმატებული ნაბიჯია 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა.
„იგი უზრუნველყოფს უფრო მეტად მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ ქვეყანას ჩვენი შვილებისათვის – ეს ზუსტად ის მიზანია, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ 9 აპრილს 30 წლის წინ. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცეს უკიდურესად სერიოზულად ვეკიდებით და ველით ყველა მონაწილის მუდმივ ინკლუზიურ და პროდუქტიულ ჩართულობას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უფრო ძლიერი და ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულია.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ეფექტური ჩარჩო წარმოადგინა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის მანძილის შემცირებას და შექმნა ორმხრივი ამბიციური დღის წესრიგი. საქართველო საგრძნობლად შეიცვალა ბოლო 10 წლის მანძილზე. გვსურს, რომ მომავალი 10 წელიც ისეთივე დინამიური და ამბიციური იყოს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებსა და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ექიმი რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთსა და დეფაქტო მთავრობებს ადამიანის უფლებების მიმართ.
“ეს მიუღებელია არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირველ რიგში, მორალური და ადამიანური თვალსაზრისით. ეს უნდა დასრულდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციური განვითარების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისკენ სვლას გააგრძელებს.