ლანა ღოღობერიძის ფილმი „ოქროს ძაფი“ საქართველოს კინოთეატრებში გამოდის

12 დეკემბრიდან ლანა ღოღობერიძის ფილმი „ოქროს ძაფი“ საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. ფილმი წარმოდგენილი იყო თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ჟანრი: დრამა;  რეჟისორი და სცენარი: ლანა ღოღობერიძე;  როლებში: გურანდა გაბუნია, ზურა ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე.
ფილმი გაფორმებულია გია ყანჩელის მუსიკით.
ფილმის მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი.
უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახალის, გადმობარგება. ალცჰაიმერით დაავადებული მირანდა ყოფილი სანჭოთა მაღალი ფუნქციონერია, რომელმაც ერთ დროს აკრძალა ელენეს წიგნი.
ამასობაში ყველას დაავიწყდა ელენეს დაბადების დღე. მაგრამ მას მოულოდნელად ურეკავს ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული – არჩილი, რომელსაც ასევე “ფეხებმა უმტყუნა”. ორ მარტოსულ ადამიანს შორის იფეთქებს ოდესღაც უარყოფილი სიყვარული.
ამ სატელეფონო რომანის ფონზე მიმდინარეობს ორი ქალის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება. მით უმეტეს, რომ მირანდას მტკიცებით, არჩილი წარსულში მისი თაყვანისნცემელი იყო.
მირანდა მიდის სახლიდან და იკარგება. მხოლოდ მაშინ გაიაზრებს ელენე, რომ ვერ გუგო მირანდას, ვერ აუღო ალღო მის მარტოობას. ხვდება, რამდენად სჭირდება არჩილი.
თავიანთ ბინებში გამომწყვდეული ელენე და არჩილი „ცეკვავენ“ ერთად, როგორც მაშინ, 60 წლის წინათ.
ლანა ღოღობერიძე დაიბადა 1928 წელს თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს – კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1983–1988 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს. მისი ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის, კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოში, ჟენევაში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს პოეზიის თარგმანების რამდენიმე კრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები