ხორცი, რომელიც საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ, ვადაგასული აღმოჩნდა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში დიდი ოდენობით ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის თქმით, ეს არის შპს “გურიას” კუთვნილი ფართი, რომელიც შპს “სოფოს” იჯარით ჰქონდა აღებული. სწორედ აქ ხდებოდა ხორცის დამუშავება ფილეს მისაღებად, შემდეგ კი შპს “სოფო” აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს ამარაგებდა.
“სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, შევედით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოზე, სადაც ფართი იჯარით აქვს აღებული შპს „სოფოს“ და აწარმოებს ხორცის დაფილვას. დისტრიბუციას ახორციელებს შპს „მანუჩარი“, რომელიც ბათუმის რიგ საბავშვო ბაღებს და ოზურგეთის საბავშვო ბაგა – ბაღებს ხორცით ამარაგებს. ადგილზე შეტანილი იყო ტან-ხორცი, რომელსაც არ ჰქონდა ეტიკეტირება, ეტიკეტი ჰქონდა მხოლოდ ერთ ტან-ხორცს, რომელიც დათარიღებული იყო 4 დეკემბრით. ეტიკეტზე ვადის გარდა ვერაფერი ამოვიკითხეთ. დანარჩენი ხორცი იყო ეტიკეტის გარეშე და არ ჰქონდათ ფორმა #2 ტრანსპორტირების საბუთი. მოგვიანებით დავუკავშირდით ბიზნეს ოპერატორს, რომელმაც, დაახლოებით 5 საათის შემდეგ, ჩამოიტანა ფორმა #2 -ები და ეტიკეტები და ხორცი უკვე ვადაგასული აღმოჩნდა”- განაცხადა ერქომაიშვილმა.
როგორც ერქომაიშვილი „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, შეუწყდება თუ არა საწარმოო პროცესი შპს „სოფოს“, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“თუ კრიტიკული შეუსაბამობა არ არის, მაშინ არ უჩერდებათ საწარმოო პროცესი. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებით დადგინდება, რა სანქციები განხორციელდება ამის შემდეგ“, – განაცხადა ერქომაიშვილმა.
სურსათის უვნებლობის სამსახურიდან პასუხს ელოდება ოზურგეთის ბაღების გაერთიანება. გაერთიანების დირექტორის მაკა ჭყონიას თქმით, თუ აღნიშნულ კომპანიას შეუჩერდება საწარმოო პროცესი, მოუწევთ გადაუდებელი შესყიდვითი მოლაპარაკება აწაარმონ სხვა პირებთან.
“ის ხორცი, რომელიც გუშინ დალუქა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, არ იყო განკუთვნილი ოზურგეთის საბავშვო ბაღებისთვის. რაც შეეხება ოზურგეთის საბავშვო ბაღებს, მომწოდებელი წელს გახლავთ ტენდერში გამარჯვებული შპს „მანუჩარი“. შპს „სოფო“კი , რომელიც დვაბზუს სასაფლაოზე დაფილვა-დამუშავებას აწარმოებს, მათი ე.წ. ქვეკონტრაქტორია. თუ აღნიშნულ კომპანიას შეუჩერდა საწარმოო პროცესი, უნდა ვიცოდეთ დღეს, რათა შევწყვიტოთ ხელშეკრულება. შემდეგ კი გადაუდებელი შესყიდვითი მოლაპარაკება ვაწარმოოთ და შევისყიდოთ ხორცი ოზურგეთის საბავშვო ბაღებისთვის, რათა არ შეჩერდეს სასწავლო პროცესი”,- აცხადებს მაკა ჭყონია.
ოზურგეთის #9 საბავშო ბაღის მენეჯერის, ვერა ვასაძის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ შეამოწმებინეს აღნიშნული ხორცი და სურსათის უვნებლობის სამსახურიდან დადებითი პასუხი მიიღეს.
“შპს “მანუჩარი“ არის ჩვენთვის ხორცის მომწოდებელი. ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევამოწმებინეთ აღნიშნული ხორცი სურსათის უვნებლობის სამსახურს, პასუხი იყო დადებითი. რამდენიმე თვის წინ მომწოდებელთან იყო პრობლემა, რაც აღმოიფხვრა. მე თუ მკითხავთ, უკეთესი იქნება, ოზურგეთის საბავშვო ბაღები ხორცით ადგილობრივებმა მოამარაგონ”- განაცხადა ვასაძემ.
“რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფი სოფელ დვაბზუში იმყოფებოდა, თუმცა სასაკლაო დაკეტილი დაგვხვდა. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათი მათთვის ოფიციალური დასვენების დღეა.
შპს „მანუჩარს“, რომელიც ოზურგეთის საბავშვო ბაღებს ხორცით სექტემბრის თვიდან ამარაგებს, არაერთი სკანდალი უკავშირდება.
გაზაფხულზე შპს 1000 ლარით დაჯარიმდა, ადგილი ჰქონდა კრიტიკული შეუსაბამობას, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევას, მაცივარში აღინიშნებოდა კონდენსატი. ამის გამო მათ შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ კი ისევ განუახლდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პოლიციის სამმართველომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში აღმოჩენილ ვადაგასულ ხორცზე, გამოძიება სსსკ-ის 198-ე მუხლით დაიწყო.
პოლიციამ უკვე დალუქა 1 ტონამდე საქონლის ხორცი, რომელიც ბაღებში უნდა შესულიყო.