“ამხელა თანხის გადაყრას გამართლება არ აქვს“ – ლეიბორისტული პარტია თელავის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
2019 წლის ბიუჯეტის ხარჯზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საკურორტო ზონა ბაკურიანში სასტუმროს მომსახურება 6 250 ლარად შეისყიდა. ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული სასტუმრო ბაკურიანში, თელავის ახალგაზრდა საგანმანათლებლო ბანაკს მიმდინარე წლის ბოლოს უმასპინძლებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილების გამო, ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია იმის,რომ ბიუჯეტი არასწორად იგეგმება.
“თუ ნაშთი მორჩათ,ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი არასწორად ფორმირდება. ამ კონკრეტულ ექსკურსიას არანაირი გამართლება არ აქვს”,- განმარტავს ვარდოშვილი.
მისივე თქმით, ბიუჯეტში თანხის უქონლობის გამო, მერიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გარკვეული ტიპის პაკეტიც კი შეამცირა და ამის ყველაფრის ფონზე, მსგავსი გადაწყვეტილება გაუმართლებელია.
“თავის დროზე,როდესაც შეშით დახმარება შეამცირეს, 300 ლარიდან 100 ლარზე ჩამოიყვანეს და წამლების 50 ლარიანი დახმარება იმ მიზეზით გააუქმეს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არისო, აი, ამ ყველაფრის ფონზე, ამხელა თანხის გადაყრას გამართლება არ აქვს“,- განმარტავს ვარდოშვილი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხაზე და მის მიზნობრიობაზე „რეგიონულ კვირას“ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ესაუბრა.
ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, თანხა, რომლითაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასტუმრო დაიქირავეს,მიმდინარე წლის 2 ახალგაზრდული ბანაკის შედეგად გაწეული ეკონომიის საფუძველზე მოხდა.
“ეს ჩვენი მიმართულების პროგრამული ბიუჯეტის შემადგენელი თანხაა,რომელიც ეკონომიის სახით დარჩა,რამაც საშუალება მოგვცა, რომ წლის განმავლობაში არა 2 , არამედ 3 ბანაკი განგვეხორციელებინა,რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის მეტი განათლების მომტანია“,- აღნიშნა ყურშიტაშვილმა.
მისივე განმარტებით, ბაკურიანის ზამთრის ბანაკით ის 18 ახალგაზრდა ისარგებლებს, რომლებიც წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
“ბანაკში ის ახალგაზრდები წავლენ,ვისაც მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში თავი გამოიჩინეს,როგორც საკუთარი აკადემიური მოსწრებით,ისე საზოგადოებრივი აქტიურობით“,-განმარტავს ფიქრია ყურშიტაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, გიორგი ენუქიძე ნიკოლოზ ვარდოშვილის ბრალდებებს პასუხობს.
როგორც ის აცხადებს, გასულ წლებთან შედარებით,მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაზრდილი იყო და შეშის დახმარების პროგრამით 2800 – ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ხოლო, რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამებს,მისი ვე თქმით, 2018 წელს მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა 200 ლარით განისაზღვრებოდა, მიმდინარე წელს კი 300 თანხა ლარამდე გაიზარდა.
“ჩვენმა სამსახურმა შეძლო და ცდომილება ბიუჯეტის დაგეგმვისას 1 %-ი იყო. დღემდე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები შენარჩუნებულია და წლის ბოლომდე გამართულად შევძლებთ მუშაობას“,- განმარტა გიორგი ენუქიძემ.
ბაკურიანის სასტუმრო, 16 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, თელავიდან 20 ადამიანს, 18 მონაწილეს და 2 ორგანიზატორს უმასპინძლებს.