“ჩემმა შვილმა რუსეთში ქართული დროშა ააწევინა და ჰიმნიც მოასმენინა რუსებს” – რას ყვებიან 20 წლის ძიუდოისტის ეთო ლიპარტელიანის მშობლები (ფოტო, ვიდეო)

ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი წარმოშობით ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კახურადანაა. 20 წლის ძიუდოისტი 7 წლიდან ვარჯიშობდა და მიზანსაც პატარა ასაკში მიაღწია.
მსოფლიო ჩემპიონის მშობლები ნინო და რამაზ ლიპარტელიანები, რომლებიც 4 შვილს ზრდიან, ლენტეხში ცხოვრობენ და ქვემო სვანეთიდან გულშემატკივრობენ ძიუდოისტის ასპარეზობებს.  რეგიონული „კვირა“ ჩემპიონის ოჯახს ლენტეხში ესტუმრა და ბევრი ისეთი დეტალები გაარკვია, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.
ლიპარტელიანის მშობლებიც სოფელ კახურადან არიან და მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, ლენტეხში გადასახლდნენ.  სახლი დაიქირავეს, თუმცა უსახსრობის გამო ქირის გადახდა ვერ შეძლეს და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. ლენტეხის მთავრობამ პატარა ფართი გამოუყო საცხოვრებლად. სახლის კედლებზე და თაროებზე 20 წლის მსოფლიო ჩემპიონის მედლები, სიგელები, თასები და მონატრებული შვილის ფოტოებია გამოფენილი.
ეთერ ლიპარტელიანის მშობლები დეტალურად იხსენებენ, როგორ დაიწყო პატარა გოგონას ტრიუმფალური სვლა წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და დიდი მონდომებით.

„ძალიან ცელქი ბავშვი იყო, ყოველთვის ბიჭებთან უყვარდა თამაში. იმდენად ცელქი გახლდათ, რომ მასწავლებლებმა ისიც კი გვითხრეს – ეს ბავშვი ან დაგანგრევთ ან აგაშენებთო. ოთხი შვილის გაზრდა და რჩენა უმუშევრობის პირობებში რთული იყო და ჩემი მეუღლე ესპანეთში წავიდა სამუშაოდ. ეთომ ვარჯიში რომ დაიწყო, წინააღმდეგი ვიყავი, მინდოდა ცეკვაზე ევლო, მაგრამ მომატყუა – იქაც ვივლი, ოღონ ვივარჯიშებ კიდეც, ისე, უბრალოდ, ძვლები რომ გავიმაგროო. მერე შეტოპა, წავიდა და წავიდა“, – იხსენებს ნინო ლიპარტელიანი.
7 წლისამ დაიწყო ვარჯიში ლენტეხის სპორტსკოლის დარბაზში, დედა დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მხოლოდ გატაცება არ იყო და პრინციპულ შვილს დარბაზიდან ადვილად ვერ გამოიყვანდა. შემდეგ იყო პირველი წარმატება, ქვემო სვანეთიდან წყალტუბოში მოჭიდავეები საასპარეზოდ წაიყვანეს მწვრთნელებმა. ყველა ბიჭი იყო, ერთადერთი გოგო ჯგუფში ეთო იყო. დედამ, იმის გამო, რომ შვილს ტელეფონი არ ჰქონდა, მძღოლს გადაურეკა ამბის გასაგებად.
„როცა ამ ამბავს ვიხსენებ, ზუსტად ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც იმ დღეს, იმ პირველი წარმატების გაგების წუთებში მქონდა. მძღოლმა მითხრა – ყველა ბიჭმა წააგო და შენი გოგო ჩემპიონი გახდაო”, – ამბობს დედა.

9 წლის გოგონა ბიძამ და ოჯახის ახლობელმა, მეკლდეურობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა, თბილისში წაიყვანეს და ძიუდოს ცნობილ მწვრთნელებს აჩვენეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი მონაცემები ძალიან მოეწონათ. გია თენაძე და კახა მოცრაძე ეთერ ლიპარტელიანთან ერთად დღემდე თავდაუზოგავად შრომობენ და შედეგების სიხარულსაც ერთად იზიარებენ.
ნინოს წუხილის მიუხედავად, რომ მისი ქალიშვილი სისტემატურად ძლიერი ფიზიკური დატვირთვით ვარჯიშობს, მამა, რამაზ ლიპარტელიანი შვილის არჩევანის წინააღმდეგ არასოდეს წასულა.
“ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს, არ დაუშალო, უნდა და გაჰყვეს-მეთქი. საოცარი განცდა მქონდა, როცა ჯერ ევროპის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში. ტელევიზორთან მთელი სამეზობლო და საახლობლო შევიკრიბეთ, როცა შეჯიბრი დამთავრდა, ეთოს აქ საიდან მოვიყვანდი, ტელევიზორს ვკოცნიდი და ვეხვეოდი. მთელმა სვანეთმა გაიზიარა ჩვენი სიხარული, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობა არ გამხარებია ისე, როგორც რუს ძიუდოისტ დანა ნაგეჩევასთან მოგებული შერკინება გამიხარდა – ჩემმა შვილმა რუსეთში ქართული დროშა ააწევინა და ჰიმნიც მოასმენინა რუსებს“, – გვიყვება რამაზ ლიპარტელიანი.
ეთერ ლიპარტელიანის უამრავ ჯილდოსთან ერთად სურათიანი ჭიქა შევნიშნეთ, საიდანაც ახალგაზრდა  წყვილი ბედნიერად იყურება.
„ეს ეთო და მისი შეყვარებულია თემო ნოზაძე, ისიც სპორტსმენია, თავიდან მეგობრობდნენ, მერე მიხვდნენ, რომ მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ, ჯერ ოჯახის შექმნას არ გეგმავენ – ოლიმპიადა აქვთ მოსაგები“, – გვითხრა ეთოს დედამ.
ინტერვიუს დროს ტელევიზორის მონიტორზე ეთერის გამარჯვების ამსახველი კადრები გადიოდა, მონატრებულ მშობლებს თვალი სიამაყით გაურბოდათ არაერთხელ ნანახი კადრებისკენ.
უმცროს გოგონას, თამარსაც გადაწყვეტილი აქვს, ძიუდოისტი გახდეს და იმაზე უკეთ იჭიდაოს, ვიდრე მისი უფროსი და.
კითხვაზე თუ როგორი შვილია ეთო, ნინო ლიპარტელიანი თვალცრემლიანი გვპასუხობს, რომ ეთო გულთბილია. უანგაროდ უყვარს სიკეთის კეთება და რომ ეთოს ყოველთვის სიცოცხლით სავსე და მოციმციმე თვალები აქვს.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები