დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ პროპორციული სისტემა არის არამდგრადი პოლიტიკური სისტემისათვის ხელშემწყობი, მითუმეტეს ამ პოლიტიკურ ველზე

“40 დეპუტატი პრიორიტეტს ანიჭებს მაჟორიტარულ სისტემას და ხიფათის შემცველად აღიქვამს პროპორციულ სისტემას. მე ვფიქრობ პროპორციული სისტემა არის არამდგრადი პოლიტიკური სისტემისათვის ხელშემწყობი, მითუმეტეს ამ პოლიტიკურ ველზე. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ჩვენ ვხედავთ ამ რისკებს და გარდა ამ რისკებისა ჩვენ ვცდილობთ, რომ ხალხი იყოს წყარო ხელისუფლების და ვცდილობთ უშუალოდ მოსახლეობამ აირჩიოს ის დეპუტატების ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩააბარონ ქვეყნის ბედი”, – განაცხადა „იმედის” გადაცემაში „დღის ქრონიკაში” სტუმრობისას პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეძლებს ის დაარწმუნოს საკუთარი თანაგუნდელები, რომ შეცვალონ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მათ რევოლუციური უწოდეს, დეპუტატმა უპასუხა, რომ ხვალ უმრავლესობის ფორმატში იქნება საუბარი ამ თემაზე.

„მე ვფიქრობ, ყველაზე მაღალი ფასი აქვს და უნდა ჰქონდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, საზოგადოების უსაფრთხოებას და თუ, თუნდაც გაცემული დაპირება შემდეგ რეალურად ხდება რისკის შემცველი, რა თქმა უნდა მგონია და ვიზიარებ იმ აზრს, რომ ჯობია ატარო რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე ქვეყანა დააყენო რისკის ქვეშ”, – თქვა ხუნდაძემ.

მან ასევე წლების განმავლობაში თავისივე გაკეთებული განცხადებები წარმოადგინა სადაც ამბობდა, რომ „მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს დაუჭერდა იმ შემთხვევაში, თუ მანამდე თვითმმართველობა გაძლიერდებოდა.

„მე ჩემს კოლეგებთან ერთად 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დავუჭირე მხარი იმ პირობით, რომ თვითმმართველობა იქნებოდა ძლიერი, რაც დარჩენილ დროში უნდა მოგვეხერხებინა. მას შემდეგ, როდესაც გუნდმა გაგვაცნო ის მოსაზრება, რომ 2020 წელს უნდა გადმოგვეწია ეს ვადა, პირველი საფუძველი ჩემი კომპრომისის ფაქტიურად გაქრა.

გუნდის არგუმენტი იყო ის, რომ ქუჩა არის დაძაბული, აქედან გამომდინარე ლარის კურსი რყევადი, ინვესტორები ამას შიშით უყურებენ და პოლიტიკური სტაბილურობა ითხოვს ამას. ამიტომ ჩვენ წავედით კომპრომისზე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფმა დღეს ახალი ინიციატივა დაარეგისტრირა, რაც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები