დავით ზალკალიანი: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე ინფორმირებულია
სლოვაკეთში, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროპელ კოლეგებთან ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე ინფორმირებულია.
“ვისაუბრე ბოლო პერიოდში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუდმივ კონტაქტზე ვიყავი ბორელის წინამორბედთან – ფედერიკა მოგერინისთან. თვითონ ბორელიც ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს,” – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.