Street Art – აქცია-პერფორმანსი გაიმართება

7 დეკემბერს,  13:00 საათზე, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში Street Art – აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აქცია-პერფორმანსში, რომელიც ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავს ეძღვნება, მონაწილეობენ – ცნობილი ხელოვანი საფრანგეთიდან ანტონი ალბერტი და ოთარ ცაგარიშვილი საქართველოდან.
ოთარ ცაგარეიშვილი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელმაც, მიუხედავად ასაკისა, უკვე დაიმსახურა Street Arts-ის ცნობილი წარმომადგენლის ავტორიტეტი -გრაფიკული დიზაინერი „Forbes Women Georgia“-ში, ფესტივალის UPFEST მონაწილე ბრისტოლში, ინგლისში, გაეროს „Global Goals day“ მონაწილე, შექმნა სხვადასხვა ლოგოს დიზაინი: არასრულწლოვანთა დანაშულის პრევენციის საბჭოებისთვის, ევროკავშირის პროექტის ბანერის და რვეულების ლოგოების დიზაინი. იყო მოხალისე ქუჩის მხატვარი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მხარდაჭერისთვის, და ქუჩის მხატვარი „ნიკოს“ მოძრაობაში – გუდაური.

სტრიტარტისტი, ფოტოგრაფი, მხატვარი და მოქანდაკე ანტონი ალბერტი იგივე M. OneTeas ცნობილია, როგორც „ჰუმანისტი შემოქმედი“. მის სიუჟეტებში ხშირად გვხვდება სოციალური ქსელები, ვირტუალური რეალობა, გარემოსადმი დაუდევრობა თუ თანამედროვე სამომხმარებლო სამყაროს კრიტიკა, ის იუმორით დააფიქრებს და დიალოგში იწვევს დამთვალიერებელს 21-ე საუკუნის გამოწვევებზე.
ანტონი ალბერტიმ ბოლო 10 წლის მანძლზე 800-ზე მეტი ნამუშევარი შეასრულა ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბრიუსელის, ციურიხის, პრაღის, მოსკოვის, მონაკოს, ნიცის, პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში. იგი გამოირჩევა ხელოვნების ამ სფეროში განხორციელებული ნოვატორული მიგნებებით და მოულოდნელობებით.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან Street Art თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელსაც თანამედროვეობის ყველა ტენდენციის ასახვა შეუძლია და წლების მანძლზე ათასზე მეტი სტილით განვითარდა, როგორც შემოქმედებისთვის თანამედროვე შეხედულებების გამოხატვის საშუალება. სწორედ ამიტომ პროექტის განხორციელება თანამედროვე ხელოვნების გალერეის ფარგლებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული თანამედროვე სახელოვნებო პროცესის განვითარებისთვის.
აქცია-პერფორმანსი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის პროექტის თანამედროვე ხელოვნების გალერეა ფარგლებში გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზირი №6.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები