დიმიტრი ხუნდაძე: მაჟორიტარულ სისტემას აქვს უპირატესობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს

ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველია.

“მეტად საეჭვოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა თუნდაც 2024 წლისათვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები. ამასთან, მაჟორიტარულ სისტემას აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე. ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ორპალატიანი სისტემა ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის გაცილებით უფრო მაღალ გარანტიებს.

“შეცდომა რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დაუშვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სანამ რეალურ უარყოფით შედეგებს მოიტანს, რისი ალბათობაც ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან მაღალია – დროა ჩვენვე გამოვასწოროთ. საპასუხო არგუმენტებად „დავპირდით”, ან „შევპირდით” , არ მიიღება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები