„გაიგე და დაინახე  მეტი“ – ბათუმი პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს       

7 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის დრამატული თეატრი პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნით. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – BATUMI INTERNATIONAL.

ფესტივალის მიზანია:

მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში;

ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა;

გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა;

აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია და რეგიონში მოღვაწე შემოქმედებითი საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება.
ფესტივალის დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანიანი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით, როგორებიც არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).
ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება, იხილოს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები