გენადი არველაძე: აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები

„ქართულ – ფრანგული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რომელთა შორისაც არის ვაჭრობა და ეკონომიკა. ასევე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ინვესტიციების მოცულობის ზრდას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და სხვა სექტორებში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ MEDEF International – ში საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესიაზე გამოსვლისას, რომელიც „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ – ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, გენადი არველაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა გააცნო. მისი თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროპასთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, მათ შორის, მთელ რიგ სამრეწველო პროდუქციაზე ტექნიკური რეგლამენტების შემოღების შესახებ.

„ხარისხიან ქართულ პროდუქციას საფრანგეთში ნაკლებად იცნობენ. თქვენთან თანამშრომლობით გვინდა, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი მონაწილეობა სავაჭრო მისიებში, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში. აუცილებელია ხელი შევუწყოთ ჩვენს მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები და აწარმოონ უფრო წარმატებული დიალოგი, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ინვესტიციას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საფრანგეთს, როგორც მსოფლიოში წამყვან სამთო – სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანას შეუძლია დიდი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია და შესაძლებლობა, განავითაროს სამთო საკურორტო ზონები ქვეყანაში და მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი თავისუფალ სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ასევე გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ტურიზმისა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების პროცესში ფრანგული კომპანიების დაინტერესება.

ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები