ოზურგეთში სტუმარმა მასპინძელი დაჭრა და ერთი პირი მოკლა – ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული მ.ს. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა მისსავე სახლში მყოფ გ.ტ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა მ.ს.-მ დატოვა გ.ტ-ს სახლი, უკან სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა და გ.ტ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ მ.ს.-მ სოფელ ახალსოფელში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ა.მ.-ს სანადირო თოფიდან მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.მ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.ს. სასამართლო განჩინების საფუძველზე 2019 წლის 22 თებერვალს ქ.ლანჩხუთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობა) და 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობაში და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს.