ნუცა ღოღობერიძის ფილმ „უჟმურის“ ჩვენება გაიმართება

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მეორე დარბაზში  ნუცა ღოღობერიძის ფილმის „უჟმურის“ ჩვენება გაიმართება.
ფილმს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მხატვრული ფილმი „უჟმური“ ნუცა ღოღობერიძის უკანასკნელი ნამუშევარია კინოში. ფილმი 1934 წელს გამოვიდა ეკრანებზე, თუმცა ის საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და უკანასკნელ დრომდე რუსეთის ფილმსაცავში ინახებოდა.
ლეგენდის თანახმად, უჟმურის ველი მწვანე დედოფალ გომბეშოს სამშობლოა. სამეგრელოში გავრცელებული ვერაგი სენის, მალარიის დასამარცხებლად მთავრობა ველზე არხის გაყვანას გადაწყვეტს. არხის დასაგეგმად ველზე გასულ ქავთარსა და გვადის კულაკი ფარნა გაუვალ ჭაობში შეიტყუებს. დასაღუპად განწირულ ქავთარს კომკავშირელები გადაარჩენენ.
ნუცა (ნინო) ღოღობერიძე (1902 – 1966, ქალიშვილობის გვარი – ხუციშვილი) – პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმის დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით, 1923-25 წლებში, სწავლა განაგრძო გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1926 წელს მუშაობა დაიწყო „სახკინმრეწვში“, სადაც 1937 წლამდე მუშაობდა ჯერ თანარეჟისორად, ხოლო შემდეგ – რეჟისორად. პირველი დოკუმენტური ფილმი „მათი სამეფო“ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო 1928 წელს, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბუბა“ (1930), რომლის მხატვარი დავით კაკაბაძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები