პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესია გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, პარიზში, საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიმიტრი ამილახვრის დიალოგის პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ბიზნესსაბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც ხატია წილოსანმა შეხვედრაზე განაცხადა, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართულ ბიზნესს საშუალება ეძლევა, განახორციელოს პროდუქციისა და სერვისების ექსპორტი და ამასთანავე, საქართველოში ფრანგული ინვესტიციები მოიზიდოს. ხატია წილოსანმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში მელიორაციის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, მესაქონლეობის დარგის განვითარების პოტენციალზე და ნიშური პროდუქტების, როგორებიცაა: ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თხილი და კენკროვანი კულტურები, საფრანგეთის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობებზე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლედრიენმა, დიმიტრი ამილახვრის დიალოგის მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართული ღვინო არის ის მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებას უყრის საფუძველს.
შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და ტურიზმის მიმართულებით ფრანგული კომპანიების დაინტერესება გამოიკვეთა.
ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.